მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში,ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

​9. აჭარის მღვდელმოწამეები

9. აჭარის მღვდელმოწამეები

მართლმადიდებლობაში ყველასთვის ცნობილი წმინდანების, მოწამეების და მოსაგრეების ცხოვრება, ისეთების, როგორებიც არიან წმ. აბიბოს ედესელი და ანტიპა პერგამელი, წარმოჩნდება, როგორც ნებაყოფლობითი ქრისტიანული ღვაწლი, რომლის დროსაც წმინდანებმა, იცოდნენ რა მათზე მოწევნული სასჯელი, სიხარულით იღებდნენ ამ ჯვარს და თვითონ ეცხადებოდნენ მათ მტანჯველებს.

მსგავსი ღვაწლი, ოღონდ ოდნავ ნაკლებად ცნობილი, იყო აღსრულებული აჭარის მართლმადიდებელი მღვდლების მიერ, რომლებიც თავისი ხალხის დასაცავად გამოვიდნენ ოსმალთა წინააღმდეგ. ამ ღვაწლის შესახებ ჭიჭინაძეს მოუყვეს სოფელ აგარის მკვიდრებმა, მუსულმანმა დევაძეებმა. ეს სოფელი მდებარეობს დღევანდელი ბათუმის ქალაქგარე სოფლის, თხილნარის მახლობლად: «ოსმალნი ლაზისტანში შემოვიდნენ და მთლად დაიჭირეს იქაურობა, მაქრიალის ციხეში ფეხი გაიმაგრეს; იქიდამ აჭარლებზედ მოინდომეს გამოლაშქრება და გამაჰმადიანება. აჭარლებმა ეს ამბები შეიტყეს და ძლიერ შეშინდნენ. ამათ მაშინვე თავიანთი დიდი კაცები შეკრიბეს და ლაპარაკი დაიწყეს, თუ საქმეს რა ვუყოთ, რა გვარ მოვაგვაროთო. დიდკაცებმა უთხრეს, რომ ჩვენ ძალა არ გვაქვს, ტყუილად წავიხდენთ თავს, იგინი ბოლოს მაინც გაგვიჭერენ, ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ ჩვენ წავიდეთ იქა და მაჰმადიანობა გამოუცხადოთ, ვთხოვოთ რომ ჩვენზე ომსა და განადგურებას თავი გაანებონ. ხალხის უმეტესი ნაწილი უარზე დადგა: ჩვენ მათ ვერ ჩავბარდებით, რადგანაც მაგენი მურდლები არიანო და გინდ რომ ჩავბარდეთ, სჯულს მაინც არ გამოვიცვლითო. ჩავბარდებით, ხარჯს მივცემთ და სჯულთან რა საქმე, რა ხელი აქვთო. ასეთი პირობა გავაგზავნოთ, რომ ჩვენ თქვენი დიდი ერთგულები ვიქნებით, ხარჯს გადავიხდით, რასაც გვიბრძანებთ ყველაფერს აგისრულებთ, მხოლოდ გთხოვთ, რომ სჯულს კი ნუ შეგვაცვლევინებთო. ამ გარდაწყვეტილების წაღება იქ ვერავინ გაბედა, ოსმალნი პასუხს უცდიდნენ. ბოლო ორმა მღვდელმა წაიღო ეს ამბავი და მივიდნენ მაქრიალში. იქ ამათი ამბავი მოისმინეს ოსმალთ და პასუხად მოგვცეს, რომ არ შეიძლებაო. ოსმალთ ხელში ყველა მუსლიმანი უნდა იყოს, ქრისტიანი არ შეიძლებაო. ეს ამბები იქიდგან მღვდლებმა - კი არ მოიტანეს, არამედ ოსმალის კაცებმა. მღვდლებს მაშინათვე თავები დასჭრეს. ამის შემდეგ კიდევ წავიდნენ მოსალაპარაკებლად მღვდლები, მაგრამ იქ ნებას არ აძლევდნენ, იჭერდნენ ამათ და თავებს აყრევინებდნენ.

იმ დროებში, მაქრიალში, ოსმალთ სულთან სელიმი მოუვიდათ. სულთან სელიმის ამბავი ჩვენმა დიდ კაცებმა რომ შეიტყვეს, ძლიერ გაეხარდათ. მაშინათვე ამათ აქ ხალხი შეკრიბეს და დაიწყეს ლაპარაკი, რომ ჩვენ სულთან სელიმს დავმორჩილდეთ, ფიცი მივცეთ ერთგულებაზედ რომ გავმაჰმადიანდებით და ის ამის გამო ჩვენ გაგვანთავისუფლებს. ჩვენ აქ დაგვტოვებს და თვით წავა ოსმალეთში და ჯარსაც თან წაიყვანს. მერე როგორც გვინდა ისე მოვიქცეთ. ამ რჩევის უპირველესი პირი ვიღაც აბაშიძე იყო, რომელიც იმერეთიდგან იყო გამოქცეული კაცის კვლის გამო და აქ იფარავდა თავს და თვისს თავს თავადად აღიარებდა. ეს წავიდა სულთან სელიმთან; ამას რამდენიმე სხვა კაცებიც გაჰყვნენ. აბაშიძე მივიდა, სულთანს თავი დაუკრა და უთხრა, რომ მე ვარ თავადი აბაშიძე, მე მსურს თქვენი სჯული მივიღო და ჩემთან მთლად აჭარის ხალხმაცაო. ძალიან კარგიო, მიუგო სულთანმა. აბაშიძე იქვე გამაჰმადიანდა, ამას მისცეს ბეგიობა, ანუ სანჯახ ბეგობა და ჩააბარეს მთელი აჭარა, კახაბერი და ბათუმი. იმ დღითგან აბაშიძეები გაძლიერდნენ აქ და დაიწყეს ბატონობა. მაქრიარიდან აბაშიძე მობრუნდა, თან მოიყვანა ხოჯები და სოფლებში დააყენა და ხალხს უთხრა, რომ სულთანმა თქვენი თხოვნა შეისმინა და რაკი მაჰმადიანობას მიიღებთ, მერე ფიქრი ნუ გაქვთ, იგინი აქედან წავლენ და თქვენ დაგტიებთო. ხალხს ძლიერ გაეხარდა, სთქვეს: გავმაჰმადიანდებით და მათი წასვლის შემდეგ ჩუმი ქრისტიანები ვიქნებით. ამათ მალე ხოჯები და მოლები მოუვიდნენ და ზოგიერთ სოფლებში გამაჰმადიანდნენ, პირველ ხანებში ესენი ჩუმად ქრისტიანობდნენ კიდეც, ეგონათ მაჰმადიანობა ცუდი იყო, მაგრამ რომ ნახეს მაჰმადიანობა უფრო წმიდა ყოფილა ქრისტიანობაზეო, ამათ ჩუმათ ქრისტიანობას თავი გაანებეს და ნამდვილ მაჰმადიანებად გახდნენო. მღვდლებს გამოუცხადეს, რომ წადით ჩვენგან, თქვენ ჩვენი აღარ ხართ დღეს, ჩვენი ხოჯები, იმამი და მოლები არიანო. მღვდლებმა იწყინეს, მათ უთხრეს: აი, თქვენ მურდლებო, თქვენ ურჯულოებო, სჯულიდამ გასულებო, სჯული გაყიდეთ, ქრისტიანობა თათრის სჯულზე გასცვალეთ; შეგირცხვეთ კაცობაო! სანჯახ ბეგს ამაზე ჯავრი მოუვიდა. იმან შეაკრებინა რაც მღვდლები იყვნენ, ბაწარში გაუბა ყველას თავები, ერთი მეორეს მიაბა და მერე ყველა ესენი შავ ზღვაში ჩაყარა. სანჯაყ-ბეგებმა ბევრი კარგი საქმე ჰქნეს; ვინც მაჰმადიანობდნენ, იმას ესენი დახმარებას და საჩუქარს აძლევდნენ, ადგილებს და სხვა რამეებს. ვინც არ მაჰმადიანდებოდა, იმას ჯერ მოლა-ხოჯებს მიუჩენდნენ და მაჰმადიანობას ურჩევდნენ, რომ ამასაც მიეღო მაჰმადიანობა და ვინც არ შეისმენდა, იმას ან დააბამდა, ან თავს მოსჭრიდა და ისე კი არ დასტოვებდა.

ეს ქვეყანა ასე ძალით გამაჰმადიანებულა და ამას ძალით თუ გააქრისტიანებენ, თორემ ნებით არაფერი იქნება; ძალით გაქრისტიანებას და გაუსჯულოებას დიდი ზარალი მოჰყვება. მაშინ ვინც მალე გამაჰმადიანდნენ, ისინი ყველანი კაი კაცები იყვნენ, კაი აღიები, სულ ბეგები დახდნენ.

აქ უნდა შევნიშნოთ ზემოხსენებულ გარდმონაცემს, რომ სულთან სელიმი სცხოვრობდა და მეფობდა 1780-1815 წლებში. ამ სულთანმა 1800 წ. გიორგი მეფეს ახალციხიდან მოციქულები გამოუგზავნა და შემოუთვალა, შენ ოღონდ რუსეთს ნუ შეუერთდები და დღეის შემდეგ შენ ჩვენ აღარ შეგაწუხებთ. რაც ადგილები წაურთმევიათ თქვენთვის ჩვენს ძველებს, ჩვენ ყველა იმაებს დაგიბრუნებთო. სჯულით არავის გაგამაჰმადიანებთ და ყოველნაირს ღონისძიებას მოგცემთ ჯარით, თოფით, ზარბაზნებითა და წამლით, ფეხზედ დადგეს თქვენი სამეფო და გამაგრდესო, ოღონდ მანდ რუსებს ნუ შემოუშვებთ და გზას ნუ გაუხსნითო. გიორგი მეფემ ამაზედ უარი შეუთვალა.»

ამ ისტორიის თხრობა მუსულმანთა მიერ, რომლებიც პოზიტიურად უყურებდნენ ისლამიზაციას, ამართლებნენ მღვდლების მკვლელობებს, ამართლებდნენ ამ მხეცობებს და ამტყუნებდნენ მღვდლებს, კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის სასულიერო პირთა ღვაწლს. ეჭვგარეშეა, რომ იგრძნობა სხვა ქრისტიანთა ხსენება, რომლებიც საერო პირებს წარმოადგენდნენ.

აჭარის დაპყრობიდან მე-19 საუკუნეში მის გათავისუფლებამდე ბევრი აჭარელი მოწამე გაბრწყინდა მის ტირიტორიაზე. ამასვე ამტკიცებს მოხუც ჯიჯავაძის მონათხრობი სოფელ ჩაქვისთავიდან1: «აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტური დედაკაცები ქრისტიანობაზედ მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ; ამ მოხუცებულებს ყოველთვის და ყველგან სულ ქრისტიანობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი. ახალგაზრდებს ყოველთვის იმას ელაპარაკებოდნენ, რომ ეგების ოდესმე თქვენის ძველების სჯულზედ გადახვიდეთ თქვენაო. ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა; ამათ თურმე, მოლა-ხოჯებს გაუჭირეს საქმე. ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაათათრეთო, თუ არ გათათრდნენ მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, საპატიმროებში ხოჯები მიგზავნიათ და ხოჯებს ლოცვები დაუწყიათ. ზოგიერთი მოხუცებული მიუზიდნიათ მაჰმადიანობაზედ და ზოგნი კი ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც სდგას. ამ ხიდზედ დაუდვიათ თავ-საკვეთი, მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო. ეს საქმეები მომხდარა ამ ასის წლის წინად, ე.ი. 1790-იან წლებში.»

მითითებული ადგილი მდებარეობს ბათუმიდან 13 კილომეტრში ბათუმი-ახალციხის გზაზე, სადაც ორი მდინარის შენაკადზე შესაძლებელია თაყვანი ვსცეთ მოწამეებს, რომლებმაც ბოლომდე დაითმინეს ქრისტესათვის. წმინდანო მღვდელმოწამენო და მოწამენო ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!

1) ჩაქვისთავი მდებარეობს მდინარე ჩაქვისწყალზე, ბათუმიდან სოფლამდე არის 25 კილომეტრი, მარშრუტი თავდაპირველად გადის ბათუმიდან ჩაქვამდე, ხოლო ჩაქვიდან აღმოსავლეთით პარკ მტირალას მიმართულებით. სოფელი თითქმის მთლიანად გარშემორტყმულია მტირალას ნაციონალური პარკით.