მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში,ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

​ 3. კლარჯეთის მოწამეები

3. კლარჯეთის მოწამეები

თანამედროვე აჭარის სამხრეთით მდებარეობს კლარჯეთის მიწა. კლარჯეთი ქართული სახელმწიფოს და კულტურის ძირძველი აკვანია. ეს ლამაზი მხარე დღემდე არის შემკობილი ქართული მართლმადიდებლური ხუროთმოძღვრების ძეგლებით, რომელთა ნაწილი იუნესკოს მიერ არის დაცული. კლარჯეთს ხშირად მიათვლიან სარფის სამხრეთ სანაპიროს ქალაქ ხოფასთან ერთად. კლარჯერთს დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა, აღმოსავლეთით კი - არსიანის ქედი. თანამედროვე კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს თურქული ქალაქები: ართვინი, არტანუჯი, ბორჩხა, ხამამლი,ხანძთა, ხოფა.

ზოგიერთი ცნობით, ძველი ქართული დასახლება არტანუჯის მიწაზე ძველ წელთაღრიცხვაში არსებობდა. ვახტანგ გორგასალმა მეხუთე საუკუნეში აქ ააგო ციხე, რათა უზრუნველყო ოქროს მოპოვება ადგილობრივ მაღაროებში. ციხემ გადაიტანა არაბთა შემოსევა 734 წელს და მიწასთან გასწორდა მურვან ყრუს მიერ, რომელიც ბაღდადიდან მოვიდა თავის ჯართან ერთად. დაახლოებით 800 წლისთვის ის აღდგენილ იქნა თბილისიდან მოსული აშოტ კურაპალატის მიერ, რომელიც ბაგრატიონების დინასტიის დამაარსებელია. ციხის ძირას გაშენდა ქალაქი. სუმბატ დავითის ძე წერს მე-9 საუკუნეში: „ის დანგრეულ იქნა მურვან ყრუს მიერ ბაღდადიდან. აღადგინა აშოტმა და ააშენა ისევ ციხე-სიმაგრე, ხოლო მის ქვეშ კი ააშენა ქალაზი. ციხის შიგნით ააგო პეტრეს და პავლეს სახელობის ტაძარი, და გაამზადე იქვე თავისი საძვალე და დამკვიდრა საცხოვრებლად ამ ციხეში“.

ქალაქი, რომელიც განლაგებული იყო აბრეშუმის დიდ გზაზე, ქართული სამეფოს დედაქალაქი ხდებოდა. ამ სამეფოს მაშინ ერქვა ტაო-კლარჯეთი. ქართულ სამეფოდ ის იწოდება მე-9 საუკუნის ბოლოს. მოგვიანებით საქართველოს დედაქალაქი გადატანილ იქნება ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში. ამ ტერიტორიის ძირითად მოსახლეობას შეადგენდა ქართველები და ქალკედონელი სომხები (რომლებმა მიიღეს მე-4 მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება).

სწორედ ამ მიწაზე განბრწყინდა არქიმანდრიტი ღირსი გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც დაარსა სამონასტრო კომპლექსები. ის მოღვაწეობდა მე-8 საუკუნის ბოლოს და მე-9-ს დასაწყისში.

წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ განვლო მუდმივ ლოცვაში, მარხვაში, ცრემლებში, თავშეკავებაში, ღრმა თავმდაბლობაში და დაუღალავ შრომაში. მან ღირსელად მოიხვეჭა ღვთისმოსავი და ქრისტეს ეკლესიის მოშურნე მსახურის სახელი და აშოტ კურაპალატის დროს ხანძთის იღუმენიად იქნა არჩეული. ის ყველასგან განსხვავებული იყო ღვთის ნების ღრმა მორჩილებით, წმ. გრიგოლი სწორედ მორჩილებაში ხედავდა ცხოვრები აზრს, რომელიც იძლევა მადლმოსილ თავისუფლებას მთელი ქმნილებისთვის. მონასტრული წესდების საფუძველში მან სწორედ მორჩილება ჩადო და ამხნევებდა თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ კი მთელი საქართველოს საერთო საცხოვრებელ მონასტრებს. მაშინ როდესაც ბიზანტიაში, 815 წელს გამართული ხატმებრძოლი კრების შემდეგ მართლმადიდებლობა ძალიან დიდ დევნას განიცდიდა, საქართველოს მონაზვნობა გრიგოლ ხანძთელის მიერ სულიერად გამოზრდილი, უბიწოდ იცავდა მართლმადიდებლური რწმენის სიწმინდეს და ამავდროულად ებრძოდა მონოფიზიტობას.

1551 წელს თურქ-ოსმალები შეიჭრნენ ამ მიწაზე. აი, რას ყვებიან ამის შესახებ იმ ქართველების შთამომავლები, რომლებმაც თურქული დევნა გადაიტანეს, რომელთა მოწმობები ზაქარია ჭიჭინაძემ შეაგროვა: «ლიგანის ხევი- დღეს ლივანად იწოდება. ლიგანი ძველად იწყებოდა შესართავთან და იქიდან ართვინამდის მიემართებოდა; ართვინის იქით კი, ანუ ბერთას საზღვრიდან კლარჯეთი დაიწყებოდა. დღეს აქეთ კლარჯეთის ხსენება არავინ იცის, ყველა ლივანას უწოდებს ამ ადგილებს. ყველა ეს ადგილები ძველად საქართველოს მკვიდრს საკუთრებას შეადგენდა; აქ ქართველთ ტომით იყო მოფენილი, ლივანის დაბა, ართვინიც, ქართველთა მეფეთაგან იყო გაკეთებული; ეს ადგილები ძველადვე დაადგა წარმატების გზას, აქაურნი ქართველნი ადრიდგანვე ჩეეჩვივნენ მწიგნობრობას,ხელოსნობას, მეცნიერების მიყოლას და ღვთისმეტყველებას. ამ ადგილებში ძველად შენდებოდნენ მრავალი მონასტერ-ეკლესია და დიდრონი სასწავლებელნი, რომელთა ნაშთნი დღემდე შენახულან აქა-იქ. აქაურნი ქართველნი იყვნენ მეტად მხნე და ლომგულნი, მამულის მოყვარენი და საქართველოსთვის თავ-დადებულნი, ამას ხომ ჩვენი ისტორიაც ამტკიცებს. ამათ დიდხანს იბრძოლეს ქართველების გულისთვის პირისპირ ოსმალებთან, მაგრამ უკანასკნელ ესენიც იძლივნენ - მუდმივ ომებისაგან დაღალულნი დაემორჩილნენ თავიანთ კარზე მომდგარს შავს ბედს და მიეცნენ ოსმალთა მონებას.

ოსმალთა მონების ქვეშ შესვლას შედეგად მოჰყვა მთელი ამ ადგილების გამაჰმადიანება, გამაჰმადიანებისთვის წამება.ხალხი დიდს უარს იყვნენ გამაჰმადიანებაზე, მაგრამ ხსნა არ საიდგან იყო. უკანასკნელ იწყეს გამაჰმადიანება და რამდენიმე ხნის განმავლობაში მთელი ეს ადგილები, ბერთამდის მცხოვრებნი ქართველნი მთლად გაამაჰმადიანეს. ამათ შემდეგ ბერთას მიადგნენ. ბერთაში ძველად მშვენიერი ეკლესია იყო და ამ ეკლესიას დიდი ზე-გავლენა ჰქონდა ამ მხრის ქართველებზე; ბერთას ხსენება სასტიკად ამაგრებდა ქართველთა და ამათ მხნეობით მოსავდა გამაჰმადიანების წინააღმდეგ, მაგრამ ესეც შემცირდა.უკანასკნელ ოსმალთა სცნეს საქმის ვითარება და მალე ბერთას ტაძარსაც მოხვიეს ხელი, სამღვდელონი გაძარცვეს და ეკლესია ჯამეთ გადააკეთეს. ეს ეკლესია ჯამეთ გადაკეთებული დღემდეც სდგას კლარჯეთში.

ქართველთა ოსმალთ წინააღმდეგ მკაცრად იწყეს ბრძოლა; ესენი ბრძოდნენ სასტიკად მით უფრო, რადგანაც ოსმალებმა ამათი მოძმე ქართველნი აქა-იქ დასტანჯეს უწყალოდ, და ამ ტანჯვით იგინი მაინც გაამაჰმადიანეს.ბრძოდნენ გმირულად, მაგრამ ბოლოს ქანც-გაწყვეტილებმა იწყეს აქეთ-იქით ლტოლვა; დაბა და სოფლებმა იწყეს ვერანად ქცევა. ოსმალთ თავიანთ ხრიკები შეაჩერეს, ხალხი დააშოშმინეს, რამდენიმე ხნის შემდეგ ხელ-ახლა მოჰკიდეს გამაჰმადიანებას ხელი და ქართველებს დაუწყეს გამაჰმადიანება და აი როგორ: იცი, ოცდა-ათ სოფელს დაეცემოდნენ, ამ სოფლის ხალხს ერთად შეჰყრიდნენ, გარს ოსმალოს ჯარს შემოაკრავდნენ და თათრობას ეუბნებოდნენ.ქართველთაგან ესმოდათ:

არ გავთათრდებით,რაც უნდა იქმნეს.

-დაგხოცავთ სუყველას,არც ერთს არ დაგარჩენთ ცოცხალს.ეუბნებოდნენ ოსმალნი.

-ნება თქვენი გახლდესთ,როგორც გერჩიოთ, ისე ჰქმენით საქმე.

-ჩვენი ნება და საქმე თქვენი გამაჰმადიანება არის.მიუგეს ოსმალთა.

-არა,ჩვენ მაგას ვერ ვიზამთ.ჩვენ, თქვენი ნება დახოცვის მხრით გითხარით,მიუგეს ქართველთა.

-დახოცვა ჭკუის საქმე არ არის, საქმე გამაჰმადიანება არის.ეს ადგილები ჩვენ მიტომ დავიკავეთ,რომ ქართველნი გავამაჰმადიანოთ და არ დავხოცოთ.ჩვენ მაჰმადიანობის გავრცელება გვინდა,რომ ეს წმინდა სჯული მოიფინოს უსჯულო ქართველებში.

-ჩვენ ვერ ვიზამთ მას,მიუგეს ქართველთა

-არა გიშავსთ-რა,ჩვენ შეგაჩვევთ,გასწავლით ყველაფერს, მიუგეს ოსმალთა. მაგრამ ქართველნი მაინც არ თანხმდებოდნენ.

-ლივანელ-კლარჯელებისთვის დადგა დიდი უბედურების დღეები, აქ მცხოვრებ ქართველობას გარს აუარებელი ოსმალოდან მოსული ჯარი შემოეკრა, და იწყეს ქართველების დევნა და პატიმრება,მოხუცებულნი ქართველების დედაკაცნი და მამაკაცნი ხმა-მაღლა ჰყვიროდნენ ტირილით.

-არ გავთათრდებით...ვაი ჩვენს თავს, ჩვენს ბედს, უნდა გაგვამაჰმადიანოთ ძალით,ღმერთო, ნუ გვიწყენ, გვაპატიე! პატიმარ ქართველებს მოუყარეს ერთად თავი და ყველა ესენი წყობა-წყობა მიჰყავდათ ართვინის ხიდის გვერდით,რომელი ხიდიც ჭოროხზე იდგა. აქ აყენებდნენ ქართველთა და გარს ჯარის კაცნი სცავდნენ.პყრობილ ქართველთა პირდაპირ,ხიდის გვერდით,ერთ ალაგას, დაასვენეს ერთი ძველი ქართველთა ხატი,რომელსაც ქართველნი დიდ პატივს სცემდნენ.ეს ხატი ართვინის ეკლესიისთვის წაერთმიათ ოსმალებს.ხატის გვერდით იყო თავ-საკვეთი ქვა და იდგნენ ჯალათები თავ საკვეთით აღჭურვილნი.პყრობილ ქართველთაგან სამ სამნი მოჰყვანდათ ქართველთა ხატის წინაშე და გაკრძალვით აყენებდნენ და თან ეუბნებოდნენ:

-თათრდები თუ არა? თუ თათრდები ხომ კაი, თუ არა და აი თავსაკვეთი და ჯალათი.

-აბა,მაშ თავები ამათ, იყვირეს ოსმალთა, ჯალათის წინ წააყენეს პყრობილი ქართველთაგანი და მოჰკვეთეს თავი და დაჭრილი ჭოროხში გადაყარეს .ქართველთა ნახეს მეგობრის წამება სჯულის გულისათვის.ესენი შეჰკრთნენ,შეშინდნენ,მტერს დახანება სთხოვეს.ამათ მისცეს მათ ნება. იგინი დაფიქრდნენ.ბოლოს უთხრეს:

-გავთათრდებით,მეტი გზა არ არის.

-ძალიან კარგი,მაშ თუ გათათრება გინდათ,აგერ, იმ ხატს მიაფურთხეთ, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ თქვენს გათათრებაზე.

-ხატს რაღაზე მივაფურთხოთ,იგი რას გიშავებთ თქვენ ან ჩვენ, რა გინდათ მისგან,რომ მივაფურთხოთ?

-რომ ჩვენ დავრწმუნდეთ თქვენს გათათრებაზე, თუ არა და უამისოდ ჩვენ ვერ ვირწმუნებთ თქვენს გათათრებას.ქართველთა მიუგეს:

-ჩვენ გავთათრდებით,მაგრამ ხატს ვერ მივაფურთხებთ.

-ვერა და დაიხოცებით,მიუგეს ოსმალთა მრისხანებით.

-ნება თქვენი აღსრულდეს, როგორც გერჩიოსთ ისე ჰქმენით.ჩვენ არ შევშინდებით; და რამდენიმე ქართველთ პყრობილნი წარსდგნენ წინა და მოჰკვეთეს ამათ თავები და გადაჰყარეს ჭოროხში.ამ მოწამეების სიკვდილი და წამება რა ნახეს მრავალთა,ესენი შეშინდნენ,იწყეს დრტვინვა,თავის დანანება და ამიტომ ისურვეს ოსმალთა ბრძანების აღსრულება და ხატზედ მიფურთხება. ხატზე მიფურთხების შემდეგ მიმფურთხავს ათავისუფლებდნენ და იქვე ათათრებდნენ.ორი დღის განმავლობაში რვასს ქართველს მოსჭრეს თავი და გადაჰყარეს ჭოროხში,რომელთაც ვერ გაბედეს ხატზედ მიფურთხება.ზოგნი კი ასახელებენ,რომ ათას ოთხას კაცს მოსჭრეს თავიო .

ასე და ამ გვარად,ართვინის ხიდის გვერდით, დიდ-ძალი ქართველობა გაწყვეტილა ოსმალთა წინაშე ბრძოლაში მაჰმადიანობის გამო. დახოცილებში ბევრი დედაკაციც რეულან და მღვდლებიც. ვინც დარჩა ისინი გაათათრეს და მათში ასეთის სასტიკის შიშიანობით დაამკვიდრეს მუსლიმანობა.

აქაურნი ქართველნი მეტად ჭკვიანნი და მხნენი იყვნენ.ბევრმა მათგან იწყეს კათოლიკეთ თავის აღიარება,ზოგმა სომხობა და ამით გადაირჩინეს თავი წამებისაგან,რადგანაც ოსმალნი კათოლიკებსა და სომხებს არ ატანდნენ ძალას. საქართველოს კათოლიკეთ თვით პაპი მფარველობდა. პაპს სულთანთან პირობაც ჰქონდა შეკრული.სომხებს კი ხმას არ სცემდნენ, რადგანაც მათი მორიდებაც არ ჰქონდათ.მარტოდ ქართველებს მტრობდნენ,რომ ამათ საქართველოს მეფესა და ერთან კავშირი არა ჰქონიყოთ.

ამ ადგილებში ქართველნი გათათრდნენ, მაგრამ ქრისტიანობას მაინც არ სტოვებდნენ,საიდუმლოდ ქრისტიანობდნენ. ეს ამბები ოსმალთა შეიტყვეს, ამიტომ მათ ქართველებს სასტიკად უწყეს დევნა და ტანჯვა-წამება,უკანასკნელ საქმე იქამდის მივიდა,რომ ლივანელ და კლარჯელ ქართველებს ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი დაუშალეს.ქართულ ენაზე ლაპარაკის დაშლამ დიდი ზეგავლენა იქონია ქართველებზე და ამიტო მათ ლტოლვა იწყეს საქართველოს იმ ადგილებისკენ,სადაც ქართველი მეფე იჯდა, ქართველთა გამგეობა იყო. ოსმალთა მალე მოიღეს ამის წინააღმდეგი ძალა და იარაღი;ამათ ოსმალოს ჯარი დაახვიეს ქართველებს გარს და სასტიკი მუქარებით აუწყებდნენ თავიანთ ბრძანებას.ვინც თანახმანი იყვნენ ბრძანების - იმათ სტოვებდნენ თავისუფლად და ვინც წინააღმდეგი იყო, იმათ აპატიმრებდნენ. წინააღმდეგ პირებს ერთად აგროვებდნენ და ბოლოს ყველა ამათ მისირში რეკავდნენ, ამ გარეკილ ქართველების ადგილებზედ კი ნამდვილს ოსმალებს ასახელებდნენ. აი ამ მიზეზით აიხსნება, რომ ლივანის ხევის დასასრულს მრავალს ალაგას, სოფლებში დღეს ქართული ენა აღარ სუფევს და ზოგიერთს სოფლებში მცხოვრებნი ოსმალურად ლაპარაკობენ. ამ მრავალ ოსმალთა მეოხებით ყველა სოფელში თვით მკვიდრთ ქართველთა მცხოვრებთაც დაჰკარგეს თავიანთი დედა-ენა. ოსმალთა ნატვრაც ეს იყო, ამისთვის ბრძოდნენ იგინი. აი, ამიტომ არის დღეს ლივანის ხევის დასასრულს ადგილებში ქართული ენა დავიწყებული და მოსპობილი. აქ ისიც უნდა ითქვას,რომ ლივანის ხევს იქით, კარგა გზას რომ გასცილდებით, იქითა მხრის სოფლებში კი ყველგან ქართული ენა სუფევს. ლივანის ხევიდან წაყვანილ და გადასახლებულ ქართველთა რიცხვით ძველად სავსე ყოფილა მისირი, შამი და დიარბექირი. ეს ასევე მარწმუნა ადრე აჭყვისთაველმა ჰუსეინ ხაბაზ ქამჯარაძემ, სახალხო მელექსემ, რომელიც დიარბექირს და ხსენებულს ადგილებში 20 წელიწადი ყაჩაღად იყო გავარდნილი.

აი, უმთავრესი მიზეზები იმისა, რომ ართვინის ახლო-მახლო ქართული ენა ზოგიერთ სოფლებში სრულიად მოისპო.»

დღეს კლარჯეთის თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძველი ქართული ტაძრები დგანან როგორც მართლმადიდებლობის ცოცხალი ძეგლები.

განსაკუთრებით გამოსაყოფია ოშკის საკათედრო ტაძარი, რომელიც მე-9 საუკუნეში არის აშენებული. ძველი ქართული სამეფოს კიდევ ერთი ძეგლი არის არტანუჯის ციხე- კლარჯეთის ძველი დიდების ჩუმი მოწმე. ის ინახავს ზეციურ დიდების ხსოვნასაც, მისი მოქალაქეების თავგანწირვას ქრისტესთვის და მართლმადიდებლური რწმენისთვის. მაგრამ ის იქ არის, თურქეთის საზღვარზე.

ხოლო ჩვენს საზღვარზე, კლარჯეთის მიწებიდან აჭარაში თავისი წყალი მოაქვს მდინარე ჭოროხს. სწორედ ის მდინარე, რომელიც წმინდა ხდებოდა კლარჯეთის და აჭარის მოწამეების სისხლით. ბათუმის ახალი ბულვარის სანაპოროზე თურქეთის საზღვრისკენ თუ წავალთ, მის ნაპირებთან აღმოვჩნდებით. იქ კი, ამ მდინარის სანაპიროზე, შეგვიძლია ვილოცოთ მათ მიმართ, ვინც უკვე ზეცაშია ღვთის წინაშე და შევვედროთ მათ საქართველო და მთელი მართლმადიდებლური სამყარო: „წმინდანო მოწამენო კლარჯეთისა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის“.