მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით

საიტი ეძღვნება ქართველ მოწამეებს აჭარაში,ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში გაბრწყინებულთა

​8. მარადიდის მოწამეები

8. მარადიდის მოწამეები

თუ გავუყვებით გზას, რომელიც მდინარე ჭოროხის გასწვრივ გადის, ბათუმიდან 20 კილომეტრში შესაძლებელი იქნება სოფელ მარადიდში მოხვედრა. ლიბანის ხეობაში ეს სოფელი იმ მცირერიცხოვანი სოფლებიდან ერთ-ერთია, რომლებიც ყარსის ხელშეკრულების შემდეგ ბოლშევიკთა მიერ არ გადაეცა თურქეთს და საქართველოს შემადგენლობაში დარჩა. მე-16 საუკუნეში ამ ადგილების ისლამიზაციის შესახებ ზაქარია ჭიჭინაძეს მოუყვა სოფელ ნადარბაზევის მკვიდრმა, ყოფილმა ოფიცერმა, მოხუცმა მუსულმანმა თიკანაძემ ( სოფიოშვილი): «ოსმალებმა ლივანა დაიჭირეს, ლივანა არ ემორჩილებოდა, ამისათვის ლივანელებმა ბევრი სისხლი დაღვარეს. ლივანაში ოსმალთა კაცები გამოგზავნეს და მორჩილება ითხოვეს, ლივანელთ უარი შეუთვალეს და ამათ შეკრეს ჩხალის ხეობა, გაამაგრეს ამ ხეობაში მდებარე თამარ მეფის ციხე, გაამაგრეს მაქრიალის გზები და მოემზადნენ ოსმალთა საჩხუბრად; გაიმართა ჩხუბი, ორსავ მხარეს ბევრი ხალხი გაწყდა, ჩვენები სჯობნიდნენ ოსმალთ, ჩვენის მხრიდან ქალებიც ომობდნენ თურმე. ბოლოს საქმე მაინც გაჭირდა, ლივანელნი იძლივნენ, ოსმალთ გაიმარჯვეს და ლივანი აიღეს, მალე ხარჯიც დაადვეს ლივანელებს. ხალხი არ დაყაბულდა, ბევრნი საქართველოში გამოიქცნენ, უმეტესი იქ დარჩნენ. ჩვენებიც აქ დარჩენილან, რადგანაც მათთვის აღიობა მიუციათ, ქართველ მეფეების დროს ესენი აზნაურები ყოფილან. თამარ მეფის დროს მიუღიათ აზნაურობა და თიკანაძეც მაშინ დარქმევიათ გვარად, რადგანაც თამარ მეფის თიკნების შემნახველთ უფროსი ყოფილა ჩვენი ძველი.

პირველ ხანებში ოსმალნი ოსტატურად მოექცნენ ხალხს, ამაზედ ძალას არ ატანდნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი დაატანეს ძალა, მაგრამ ვერაფერი ქნეს. ამბობენ, რომ ერთ დღეს მარადიდში 400 კაცს მოსჭრეს თავი გამაჰმადიანების გულისთვისაო. მარადიდის დიდი ეკლესიაც დააქციეს და მარადიდის ხიდიც დასწვეს, რომ ხალხი აჭარაში არ გაქცეულიყო, ეს ხიდი ჭოროხზედ იყო. ძველად მთელს ლივანში ჭოროხზედ ხიდი მარადიდის გარდა სხვაგან არსად ყოფილა. მარადიდის ეკლესიაც კაი დიდი ეკლესია ყოფილა. შემდეგ დროებში ქრისტიანებს საქმე გასჭირვებიათ, მაგრამ არც ოსმალნი ყოფილან მოსვენებაში; ამათ უფრო გასძნელებიათ ხალხის გამაჰმადიანების საქმე. ჭოროხის ნაპირებს ახლო მდებარე სოფლები ადვილად გაუმაჰმადიანებიათ და რომლებიც მეტად შორს ყოფილან, იქ ვერაფერი მოხერხებიათ. იქიდან ხალხს დიდხანს უბრძოლია, მაგალითად, ჭოროხის ნაპირს სოფლებს, ცოცხების მიყრუებულ ადგილებიდან და სოფლებიდან, რომლებიც მაღალს მთებზე სძევს, ამათ დიდხანს უბრძოლიათ ოსმალთ წინააღმდეგ და ქრისტიანობით დიდხანს შეუნახავთ თავი. ბოლოს ოსმალთ მოუგონიათ ასეთი ოსტატობა: ამ მხრის მოწინავე კაცები დაუბარებიათ და გამოუცხადებიათ, რომ ვინც აქ იმეცადინებს და ხალხს გაამაჰმადიანებს, იმას ჩვენ აღიაობას მივცემთ და თითო ოჯახის გამაჰმადიანებაში თითო ოქროსაც ფულს მივცემთო. მოწინავე კაცებს ეს ძლიერ გახარებიათ: ამათ დაუწყიათ შორს, მაღალ სოფლებში სიარული და ხალხშიც მეცადინეობა, ლაპარაკი, რომ გამაჰმადიანდით, თორემ ბოლოს საქმეც წაგვიხდება. ოსმალნი მაინც გაგვამაჰმადიანებენ და ძალიან დაგვსჯიან, მეტი გზა არ გვაქვსო. ხალხი ისმენდა ამათს ლაპარაკს. ესენი მაშინვე მღვდლებს რეკავდნენ სოფლებიდგან და ამათ მაგიერ ხოჯებს იბარებდნენ. პირველ ხანებში, აქეთ თურმე ხოჯები ეკლესიებში ალოცებდნენ ხალხსა და ხალხი ამიტომ უფრო არ შინდებოდა მაჰმადიანობის მიღებ-შეჩვევას. მოწინავე კაცებმა ამ საქმეებისაგან დიდი ფული იშოვნეს და ამ ხალხის ბატონობაც მათ ჩაჰბარდათ ოსმალებისგანა. ესენი რომ არ ყოფილიყვნენ და ამათ რომ არ ემეცადინათ აქ ხალხის გამაჰმადიანებაზედ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, რომ ლივანში მაჰმადიანობა ასი წლის შემდეგ შემოსულიყო, რადგანაც ლივანის ზემოთ, ჭანეთს შუა ისეთი მივარდნილი და მიყრუებული მთებია და იქ ისეთ ადგილებშია სოფლები, რომ გამაჰმადიანების შემდეგ, იქ ოსმალებს ფეხიც აღარ შეუდგამს დღევანდლამდის. შიანურებისაგან მომხდარა ჯაშუშობა და ღალატი, თორემ ოსმალნი აქ ადვილად ვერაფერს გააწყობდნენ და ვერც ხალხს გაამაჰმადიანებდნენ მალე.

ლივანაში ერთხნობით ძლიერ გაძლიერებიათ ხოჯა-მოლებს ხალხის გამაჰმადიანება, გასძნელებიათ მით უფრო, რადგანაც დღეში ხუთჯერ ლოცვას ვერ შეუჩვევიათ ხალხი და გარდა ამისა, ფეხის ბანას ხომ უფრო გაუჭირებია საქმე. ერთ დღეს ხალხს ხოჯისთვის უთქვამს:
- ხოჯა, ეს რაფერ იქნება, რომ დღეში ხუთჯერ ვილოცოთ და მასთანვე ზამთარში ფეხები ცივი წყლით ვიბანაოთო.
- რა ვქნათ, ძმაო, ჩვენი სჯული ესეთი წმინდა არს, სუფთა, თქვენ რომ ქრისტიანები იყავით, მიტომაც არ გქონდათ ესენი, მურდლები იყავით.
- ეგ კი, მაგრამ მაინც გვიძნელდება, წაღების გახდა და სიცივეში დაბანვა.
- არაუშავს რა, წაღებს ნუ გაიხდით, ის მაინც მოახერხეთ, რომ ხელები წყლით დაისველოთ და სველი ხელი წაღებზედ სამჯერ გარედან წაისვათ, ვითომ წაღები გაგიხდიათ და დაგიბანიათ, მაჰმადი ამას არ იწყენს, რადგანაც თქვენ ჯერ ახალი თათრები ხართ.

ასეთი ოსტატობით შეაჩვიეს მოლა-ხოჯებმა ახალი თათრები ფეხის ბანასაო...

ქართველთ ბარე არ უნდოდათ შეჩვევა და ამის წინააღმდეგ დიდათაც იბრძოდნენ, მაგრამ ვინ იყო მშველელი, არავინ, დაგეშილ ოსმალის მახვილს ვინ აღუდგებოდა წინ. მათი სწყალობით ყველგან სისხლი იღვროდა უღმერთოდ.»

სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია 400 მოწამის ცხოვრების და მოწამეობის დეტალები. თუმცა, ჭიჭინაძის ამ და სხვა ისტორიებიდან, ნათელია თუ როგორ ახდენდა თურქეთი საქართველოს ისლამიზაციას. დაპყრობის დროს ხდებოდა ყველაზე აქტიური ქრისტიანების ამოხოცვა და გასახლება. იმათი, ვინც ყველაზე პატრიოტულად იყო განწყობილი თავისი ქვეყნის მიმართ. შემდეგ იმათი ჯერი დგებოდა, ვინც მზად იყო შეგუებოდა დამპყობელს, მაგრამ არ დათანხმდებოდა სარწმუნოების შეცვლას. ზუსტად ისინი ხდებოდნენ მოწამეები, ითმენდნენ რა ტანჯვას და წამებას. მათი ამოწყვეტის შემდეგ ოსმალები გადადიოდნენ დანარჩენი მოსახლეობის მოსყიდვაზე, დაშინებასა და მოტყუებაზე. მიუხედავად ამისა, მათ უხდებოდათ მკვიდრი მოსახლეობისგან ფორმალურად ისლამის მიღებასთან შეგუება. ამსუბუქებდნენ რა იმ ნორმებს, რომელიც მუჰამედმა დაადგინა თავისი მიმდევრებისთვის. მაგალითად აჭარელი მუსლიმების უმრავლესობა დღემდე ღებულობს ღორის ხორცს და ღვინოს. ეს „შემსუბუქებები“ ეხებოდა ისლამური პრაქტიკის სხვა ნორმებსაც, რასაც მოწმობს ამ ამბის გაგრძელება.